Thursday, December 20, 2012

კონსტანტინე გამსახურდია-"კონსტანტინის დიდოსტატის მარჯვენა"

„დიდოსტატის მარჯვენაზე“ მუშაობა მწერალმა 1938 წელს დაიწყო და მასზე მუშაობა იმავე წელს დაასრულა. ნაწარმოების პირველი მონახაზი მოცემულია 1932 წელს დაწერილ კინოსცენარში „ვარძიის საიდუმლო“. რომანი 1939 წელს ჟურნალ მნათობში ქვეყნდებოდა, შემდეგ ის გამოიცა ნოველებთან ერთად კრებულში „თვალთაჲ“[1]. რომანის გამოქვეყნება „მნათობში“ დაემთხვა მწერლის ვაჟის დაბადებას 1939 წლის 31 მარტს, რომელსაც ნაწარმოების ერთ–ერთი პერსონაჟის ზვიად სპასალარის სახელი დაანათლა. კონსტატინე გამსახურდია აპირებდა რომანების სერიის წერას სახელწოდებით „ქართლის ცხოვრება“, რომელშიც „დიდოსტატის მარჯვენასთან“ ერთად შევიდა დავით აღმაშენებელი. დაწყებული ჰქონდა „თამარის“ წერა, მეტის გაკეთება მან ვერ მოასწრო. როგორც აღნიშნავენ, სტალინმა ერთ ღამეში წაიკითა „დიდოსტატის მარჯვენა“ და, მაშინვე გააღვიძა, ლავრენტი ბერია, გამსახურდია შესანიშნავი მწერალი ყოფილა და რატომ არ ვიცოდიო. რომანი საბჭოთა ისტორიული პროზის მიღწევად ჩაითვალა. კრიტიკოსებიდან რომანს დადებითად გამოეხმაურა ბესარიონ ჟღენტი, რომელმაც ხაზი გაუსვა რომანის უდიდეს ღირსებას. დიდოსტატის მარჯვენას კრიტიკოსებიც გამოუჩნდნენ. ჟურნალ ზნამიას 1945 წლის მეცხრე ნომერში გამოქვეყნდა ვ. შკლოვსკის წერილი რომანების „დიდოსტატის მარჯვენასა“ და „დავით აღმაშენებლის“ შესახებ, რომელშიც ავტორი ბრალს დებდა მწერალს, რომ მან განგებ არ ასახა თავის რომანებში X - XI საუკუნეებში რუსეთ–საქართველოს შორის არსებული ურთიერთობები, რაზეც გამსახურდიამ უპასუხა, რომ არც ერთ ცნობილ ქართულ თუ უცხოურ წყაროებში რუს–ქართველთა შორის იმდროინდელი ურთიერთობის რაიმე ნიშანწყალი არ არსებობდა. რომანისადმი შენიშვნები სანდრო შანშიაშვილსაც ჰქონდა. ის ეჭვქვეშ აყენებდა რომანში ასახულ ფხოველთა აჯანყების ამბებს. რაზეც მწერალმა უპასუხა, რომ მთიანეთი მუდამ ეურჩებოდა ქართველ მეფეებს, რომელთაც ეწადათ საქართველოს პოლიტიკური ცენტრალიზება. მან მოიშველია თამარის დროს მომხდარი ფხოველთა აჯანყება და განაცხადა, რომ ასეთი აჯანყება იმ დროსაც შეიძლებოდა მომხდარიყო. რომანისადმი ყველაზე ხშირად გამოითქვამენ შენიშვნა, რომ კონსტანტინემ აღწერა არსაკიძის დასჯა სვეტიცხოველზე გამოსახული მკლავის მიხედვით, მაშინ, როცა ლეგენდის მიხედვით, ეს მკლავი ეკუთვნის გამარჯვებულ ხელოვანს. რაზეც მწერალმა შემდეგი პასუხი გასცა: „ჰო, ეგრეა, მაგრამ იდეა, რაიც საფუძვლად უდევს რომანს, მაგ ლეგენდის მიხედვით ვერ გამოიხატებოდა. ჩემი სურვილი დაწადილი იყო მართალი სიტყვა მეთქვა განწირული ხელოვანის ბედზე მეფე გიორგი პირველის ტირანულ სახელმწიფოში. ლეგენდას რომ მივყოლოდი, მაშინ არსაკიძისა და გიორგი პირველის ქებანი და აპოლოგია უნდა დამეწერა.„დიდოსტატის მარჯვენა“ რუსულად (;Десница Великого мастера») თარგმნა ფატმან თვალთვაძემ, ის მოსკოვში არაერთხელ გამოიცა მრავალათასიანი ტირაჟით. (1944, 1956, 1961, 1963). სულ მწერლის სიცოცხლეში რუსულად თორთმეტჯერ დაიბეჭდა. მისმა საერთო ტირაჟმა 700 ათასს გადააჭარბა. თარგმანში ერთ–ერთი პერსონაჟი პიპა მოიხსენიება, როგორც ვამეხი. 1957 წელს „დიდოსტატის მარჯვენა“ ითარგმნა და გამოიცა ფრანგულად. რომანი რუსული ტექსტიდან თარგმნა რენე დომეკმა. წიგნზე გამოხმაურებები დაიბეჭდა პრესაში (ლუმანიტე დიუმანში, დე ლეტრ ფრანსეზი, მიდი ლიბრი). „ლუმანიტე დიმანშში“ 1958 წლის ნომრებში იბეჭდებოდა რომანის ადაპტირებული ტექსტი ჟან დორვილის ილუსტრაციებით (ეს უკანასკნელი 1964 წელს მწერლის მიწვევით თბილისში იმყოფებოდა და კონსტანტინეს თავისი 47 ნახატი გადასცა). 1959 წელს მწერალს თბილისში ჩამოაკითხეს ინდოელმა სტუმრებმა – „დიდოსტატის“ ინგლისურიდან (The Right Hand of the Grand Master) ბენგალურად მთარგმნელებმა ცოლ–ქმარმა შუკრია გხოშმა და შუბხამოი გხოშმა. როგორც მწერლის ბიოგრაფი სოსო სიგუა აღნიშნავს, „დიდოსტატის მარჯვენა“ იყო საბჭოური სამყაროს მესამე ქართული რომანი გვადი ბიგვასა და „კოლხეთის ცისკარი“ს შემდეგ, რომელმაც დასავლეთში შეაღწია. გარდა ზემოთჩამოთვლილისა, „დიდოსტატის მარჯვენა“ თარგმნილია შემდეგ ენებზე: ინგლისურ (მთარგმნელი ვახტანგ ერისთავი) , გერმანულ (Die rechte Hand des großen Meisters, მთარგმნელი ჰერტრუდ პეჩი, გამოიცა 1969 წ.), სომხურ (1960 წ.), ოსურ, ჰინდის, ურდუს, ჩინურ, რუმინულ (მთარგმნელი ვიქტორ კერნბახი, 1962 წ.) ენებზე.

კონსტანტინე გამსახურდია-ციტატები

“ძველ ბერძნებს ფილოსოფია ზრდიდათ, ებრაელებს კანონი, ინდიელებს ნირვანა, რუსებს მათრახი ხოდა ქართველებს პატივმოყვარეობა” “განა მე სადმე გამომიცხადებია უცოდველი პაპი ვარ და ადამიანური ზადი არ გამაჩნია მეთქი? ჩემი ადამიანური ნაკლი ხომ არავისთვისაა საინტერესო?მწერლისაგან მხოლოდ ის რჩება,რაც ტილოზე გადააქვს,სხვა ყოველივე ქვიშაზე გავლილი ქარის ნაკვალევია,რადგან მის სიკვდილთან ერთად სხვა ყოველივე წარიხოცება!” “ღამეები ისეთი მრუმე იყო, როგორც ძალით გათხოვილი ქალის ხვაშიადი”
“ხტოდა, კისკისებდა ვარდისახარი და ეს კისკისი მოაგონებდა არსაკიძეს გახელებულ ჭიხვინს იმ ფაშატისას, რომელიც განზრახ გაურბის ხოლმე მოძალებულ ულაყს, რათა მომეტებულად ააღელვოს მამრი და გაგრილებისას უფრო ხარბად დააცხრეს ვნებას” “ზოგს ენა როდი აბია, თავათაა ენაზე მიბმული, ამიტომაც იღუპება მყრალი ენის მეოხებითა”. “ვინც ჭეშმარიტად აღზევებულია, მას აღზევება არ ესაჭიროება. სულმდაბალნი მიესწრაფიან აღზევებას მუდამ”. “ჩემი მტრები ჩემი მასწავლებლებიც ყოფილან ხანდახან, რადგან მე მათთან ბრძოლაში ჩემს სისუსტესა და ზადს გამოვჩხრეკდი ხოლმე, ღონეს მოვიკრებდი, კვლავ ვეკვეთებოდი და ვებრძოდი, სანამ მათ სისუსტეს ამ დანამახებდა მათთანვე ბრძოლა”. “თვით უაღრესი ცილისწამებისგან უმცირესი ჩრდილი მაინც მიადგება ადამიანს”. “ბუნების წესია ასეთი: მახინჯი ლამაზთან ყოფნას მიელტვის მუდამ, მანკიერი – უმანკოსთან, რეგვენი ბრძენს აეკიდება ხოლმე, ყბედი – მდუმარეს, ხოლო ლაჩარი – გმირს”. “მე მგონია, როგორც ხორციელად, ისე სულიერად სრულქმნილს, თუკი ასეთი მოიპოვება სადმე, სრულიად არ ესაჭიროება ქება. როცა ადამიანს ძაგების შეეშინდება და შექება მოსწურდება, სჩანს, მას კარგად აქვს შეგნებული, რომ ბევრი რამ აკლია. როცა იგი მაქებარს დაიწყებს ძებნას, ამ გზით მას სწადია ქებით მიჩქმალოს საკუთარი სულის არარაობა მოყვასთა თვალში. სწორედ ამიტომაც ჰყავდათ დაქირავებული კარის-მეხოტბეთა მთელი დასტა ბიზანტიელ უნიჭო მეფეებს და სელჯუკიანთა უზნეო სულტანებს”. “ყველაზე უფრო ძნელი დასაპყრობია კაცთათვის საკუთარი გული და ვინც ამას ზედმიწევნით შესძლებს, იგია უბედნიერესი ამქვეყნად”. “უბედურება ეკალსა ჰგავს, გვერდს ჩაუვლი თუ არა, იგი თავად წამოგედება, ხოლო ბედნიერება – ბულბულს, შესაძლოა ჩვენ გვერდით ჩავუაროთ, იგი გაიტვრინოს და ბოლოს შეუმჩნევლად შორს გაფრინდეს”. “უღირსი კაცის თვალში თვით უდიდესი და უზენაესი არარად იქცევა ხოლმე, რადგან პაშტა სარკეში როდის ჩატეულა თუნდაც სპილენძის ხატებაი”. “სპილო ხორთუმითა ჰკლავს თავის მსხვერპლს, გველი – კოცნით, მეფე – ღიმილით, ხოლო მოღალატე – პატივის მიგებითა”. “როცა მოყვასი შენი საქმეს დაიწყებს რაიმეს, სანამ არ მოათავებს, არ უნდა განიკითხო იგი. ეგეც იცოდე, მხოლოდ ოფოფი შეიცნობა თავითა, ხოლო ჭეშმარიტი საქმე – ბოლოთი”. “ვინც გველს რძეს ასმევს, შხამსაც უორკეცებს მასვე”. “ჩემდა თავად მე ვემორჩილები იმ წყობილებას, რომელიც წილად ერგო ჩემს ხალხს და არც ერთი ერი იმის უკეთესის ღირსი არაა, რაც მას დაუმყარებია თავად. ამიტომ ხვალ რომ ბერძნები ან სარკინოზები შემოეწყონ საქართველოს ციხეებს, მოქნდაკის საჭრეთელს განზე გადავდებ და ხმლით შევებრძოლები მტერს”. “ეს ცხოვრება არც ისე მრუდედ წარუმართავს არსთაგანმგებელს, ყველაფერი იმისათვის შეემთხვევა ამ მიწაზე კაცს, რათა თავის თავს და თავის ღმერთს მიაგნოს ბოლოს”. “ერთი კაცი თავის უდიდეს სიბძნეშიაც შლეგად ითვლება მუდამ”. “არავინ ისე მამაცად არ იბრძვის სხვის ომში, როგორც სულელი”. “როცა ყველაფერს წვიმა წარხოცავს, როცა ყველა ხმას ქარი წაიღებს, სვეტიცხოველი შეიმატებს დიდებას კიდევაც. მართლაცდა სხვა რა ევალება ოსტატს, თუ არა წამიერის მარადჟამულად ქცევა? სხვა რა ევალება ამქვეყნად ოსტატს, თუ არ ჭიდილი წარმავლობის ნისლთან”. “ნეტარ არიანი იგინი, ვისაც სიკვდილი უმალ უწევს, ვიდრე საკუთარის თვალით იხილავენ სამშობლოს თვისას იავარყოფას. ნეტარ არიან იგინიცა, ვინცა გულმართალ წინაპართა აჩრდილებს შორის ლანდადქცევას არჩევენ გადაშენების გზაზე დამდგარ თანამემამულეთა წიაღში ყოფნას”. “ხელოვნებაა თვით უკვდავება. მხოლოდ ოსტატს ვერ ეწევა სიკვდილი… ათასეული წლები წალეკავენ ირგვლივ ყოველივეს. მხოლოდ სვეტიცხოველი დარჩება როგორც ღმერთთან და სიკვდილთან მებრძოლი იაკობი”. “ჯერ კიდევ ფარსმანისაგან ჰქონდა მინიშნული კონსტანტინეს: ბრძენკაცი უნდა იყვეო და შლეგად მოაჩვენოო ადამიანებს თავი, გმირი უნდა იყვე და ჯაბანივით დადიოდე, ოსტატი უნდა იყვე და ხელმოცარულად მოგქონდეს თავი, რადგან არავის იმდენი მტერი არა ჰყავსო ქვეყნად, როგორც ბრძენკაცს, გმირსა და ოსტატს”. “საერთო სენია კაცთა: მიცვალებულებს იმადაც აქებენ ხშირად, რომ ცოცხალთ მიაყენონ ჩრდილი”. “მდუმარედ ისხდნენ მოქანცული მხედრები გაღვარულ ცხენებზე, უთვალთვალებდნენ ფეხშიშველა დიაცების გათქვირულ ძუძუებსა და მზისგან დაბრაწულ, შიშველ წვივებს. ენატრებოდათ სეფექალებისგან თავმობეზრეულებს ქარცემული ლოყების კოცნა, გომიჯივით მკვრივი ძუძუების სრესა…” “ძლიერს უჭირს ამქვეყნად. მიტომაც მუდამ დაღრენილნი დადიან ლომები, ვეფხვები და ავაზები, ხოლო თრითინები და ციყვები მუდამ მხიარულად დაცუნცულებენ…” “ბოლოს მოაწია რიჟრაჟმა, ატყდა ნათლის ლიცლიცი გარეთ, ყაყაჩოები დაათოვა მწვერვალებს ცამ, იფრქვეოდა იისფერი შუქი, როგორც ჩქერალები ფხოვის მთებიდან. შორენა ჩამოვიდა კედლიდან, ხატაური ფარჩის კაბა ეცვა შავი, ოქროსფერი თმები გადმოღვრილიყვნენ მხრებზე, მოდიოდა ყაყაჩოების ველზე, თავთუხის თაველებს ესროდა უტას, ყაყაჩოებსა და თავთუხის თაველებს. დაუჩოქა სამგზის სანატრელმა, სთხოვა დიდოსტატს სული. ცრემლმა იწვიმა კონსტანტინეს თვალთაგან, მაგრამ ვერც საყვარელს მისცა მან სული, რადგან სვეტიცხოვლისთვის შეეწირა იგი”. “ათას წელს იწვიმა და იქუხა იმ დღიდან საქართველოს თავზე, ათას წელს იგორა ქვადქცეულმა სულმა. ჩემს სიყრმეშიაც მინახავს კაცის სიმაღლე ლოდი, რომლის გამოც აგრე ამბობდნენ მცხეთაში: კონსტანტინე არსაკიძის დედააო გაქვავებული. მანდილიან ფხოველ დიაცს მიაგავდა ეს ლოდი მართლაც. შარშანაც ვნახე ძველ სასაფლაოზე, მცხეთაში. წრეულსაც მოვიკითხე, ასე მითხრეს მშენებლობაზე წაიღესო სადღაც. მას შემდეგ არ მიძებნია იგი, რადგან ამასობაში უკვე დავასწარი მშენებლობის გენიას და ქვაში ჩაკირული საიდუმლო განვაცხადე სიტყვაში.” “ვინც შეგირდი არ ყოფილა, ვერასოდეს გახდება ოსტატი, ვერც იგი გახდება ოდესმე ოსტატი, მუდამ ოსტატებს ვინც შეჰყურებს პირში” “ეგეც იცოდე , არავინ ისე არ ისჯება ამ ქვეყანაზე , როგორც იგი , რომელიც ყოველივეს არ შესწირავს თავის სიყვარულს” “ფაქიზი იყო შორენა, როგორც ქერუბიმის ფრთენი და სევდიანი, როგორც ყინცვისის მჭმუნვარე ანგელოსი. ყელისმიერი ხმა ჰქონდა, ისეთი წკრიალა, როგორც ვერცხლის ეჟვანი, ხევისბერის დროშის ბუნზე შებმული” “ეს ღმერთმა გაუმარჯოს იმ მამალ ორაგულს, აღმა რომ მიჰყვება ამაღამ არაგვს, უფსკრულებში დაეძებდეს თავსი დედოფალს, ვაჟკაცურად მიარღვევდეს ტალღებს, რათა გუდამაყარში წამოეწიოს და მისწვდეს საწადელს” “ეს ღმერთმა იმ ხარირემს გაუმარჯოს, რომელიც საფურცლეს ტყეში დასდევს ამ წუთში თავის ფურს და სხვა ხარი თუ შეეზიარა, რქებით გამოაფტრავს მუცელს” “კურთხეულია მხოლოდ ნაბიჯი ვალმოხდილისა, შრომაა უდიდესი სიქველე ამქვეყნად და არც არაფერი ამშვენებს ისე ვაჟკაცს, როგორც შრომაში გამოჩენილი სიმამაცე” “ჩვენი უბედურება ამჟამადაც ეგაა: ჩვენში მოღალატენი სჭარბობდნენ ერთგულებს, განა თუ სხვისი, საკუთარი თავისა, თავის ხალხის მოღალატენი” “როცა ხალხს ამდენი მოღალატე შინა ჰყავს, მაკედონელიც ვერ გაამარჯვებინებს მას” “ჩვენში ყოველ ნაბიჭვარს აზნაურობა სწყურია, ყოველ ნაცარქექიას – სარდლობა.” “ოდითგანვე ასე მოგვდგამს ქართველებს: მუდამ ჩვენს სიმცირეს მივსტიროდით, რადგან მტერი აურაცხელი გვყავდა მუდამ, მაგრამ დიდი კაცი თუ გამოგვერია. მას ისე დავკორტნით, როგორც დაკოდილ ძერას ყვავები” “მე ბედი მაქვს ასეთი, ჩემი სიყვარული გაწირულს ეკუთვნოდა მუდამ. მე ის ფერები მიყვარდა, რომელთა შეზავება თვით მეწამლეებსა და მხატვრებსაც გადავიწყნიათ უკვე, ისეთი ჩუქურთმები, თვით უხუცეს კალატოზებს რომ ვეღარ გამოჰყავთ, ისეთი სამოსელი, რომლის ტარებაც უკვე არავის ეხალისება, და ახლა ბედმა იგი შემაყვარა, ვინც ბედისაგან განწირულია.” “არავინ ისე არ ისჯება ამ ქვეყანაზე, როგორც იგი, რომელიც ყოველივეს არ შესწირავს თავის სიყვარულს. ასეთნი მუდამ მარტოკანი დარჩებიან ამ ქვეყანაზედ და არავინ ისე საცოდავი არაა, როგორც მარტოსული” “ისეთი მამლებიც ბევრია ამ ქვეყნად, გათენების შემდეგ რომ ყივიან…” “როგორც სჩანს, თქვენ (ქართველები) დიდი ჰუმანური კულტურის მატარებელი ხალხის შვილები ხართ და ჯერ არ შერყვნილხართ იმ ქაღალდის ცივილიზაციისაგან, რომელმაც ევროპა მიიყვანა ამ გრანდიოზულ კატასტროფამდის”. “ცხოვრება უდაბნოა ურწყული, ეცადე გარს შემოუარო”. “თუ გსურს ღირსეულს მიაყენო ჩრდილი, უღირსის ქებას უნდა მიჰყო ხელი”. “ყოველი დროის ცილისმწამებლებს კარგად სცოდნიათ, რომ ადამიანის უსასტიკესი დასჯა მხოლოდ მაშინ ხდება, როცა მას სწორედ იმაში დასდებენ ბრალს, რის წანააღმდეგაც თავად იბრძვის იგი”. “ეს უსტილო, უწარსულო ქვეყანა, ენააღრეული ბაბილონი, თავის მრავალსართულიან ქორედზე წამოყუნცული, ამაყად გადმოსცქერის ყველას, ვისაც უოლ სტრიტი და ბრუკლინის ხიდი არ უნახავს”. “ზოგიერი კაცის ცხოვრება უნიჭო მწერლის რომანსა ჰგავს… ბოლომდის ჩაათავებ და ასე იტყვი: ნეტავ არ წამეკითხაო.” “სილამაზეს დიდებულს ხანდახან სჩვევია შიშისმომგვრელი ზეგავლენის მოხდენა. მხოლოდ თავხედი არ ეკრძალება მას ასეთ წუთებში (ამიტომაც ულამაზესი უმამაცესს კი არა, უთავხედესს შეხვდება ხოლმე).”

Saturday, December 15, 2012

მისი პირველი ლექსები და
კრიტიკული წერილები 1914 წელს დაიბეჭდა. 1922 წლიდან რედაქტორობდა “აკადემიური მწერლობის კავშირის“ ჟურნალებს: “ილიონი“, “ლომისი“, “საქართველოს სამრეკლო“. ადრეულ ლირიკასა და ნოველების პირველ კრებულში (“ქვეყანა, რომელსაც ვხედავ“, 1924) თავი იჩინა გამსახურდიას ექსპრესიონისტულმა მსოფლგანცდამ. ამ ეტაპზე მწერლისათვის არსებობს ერთი რეალობა, რომელიც ხელოვანის სულში აღმოჩენილი და გარდაქმნილი სინამდვილეა. ფსიქოლოგიზმი შენაცვლებულია “მარადი ღელვით“; სინამდვილის ექსტაზური, “კოსმიური“ განცდით – ანტიფსიქოლოგიზმით. “ზარები გრიგალში“ (1924) რწმენაშერყეული ადამიანის აპოთეოზია: საკუთარმა მოწოდებამ მისი უფერული სიცოცხლე დიდ ვნებად აქცია, ზნეობრივ ექსტაზს აზიარა და შემდეგ ფიზიკურად გაანადგურა. სოციალურ – ზნეობრივი ხასიათის ნოველებშიც კი გამსახურდიას გმირი ბუნებაში უფრო მკვიდრად გრძნობს თავს, ვიდრე საზოგადოებაში (“ქოსა გახუ“, 1927-1929; „ტაბუ“, 1925-1927; “ხოგაის მინდია“, 1937). ნოველაში „მკვდართან შეხვედრა“ (1919) ქართულ მწერლობაში პირველად იქცა დამოუკიდებელ პრობლემად ადამიანის, პიროვნების გაუცხოების საკითხი. პიროვნება დათრგუნულია გარეშე საგნების მოზღვავებით. ადამიანები არაკომუნიკაბელურნი არიან . ისინი ვერ შველიან ერთმანეთს , თუმცა კი “უძახიან, ეძებენ ერთიმეორეს“. მკვეთრად გამოხატული დეკადენტური ესთეტიზმით ხასიათდება “პორცელანი“, “ლილ“ (1922), “ქალის რძე“ (1929). მძლავრი ეროვნულ-მოქალაქეობრივი თვალსაზრისი ასაზრდოებს ნოველებს “ ფოტოგრაფი “ (1919), “ტაბუ“, “მშვენიერება“. ნათელმხილველის იშვიათი ხვედრის გამო ხალხის სატკივარს ერთხანს მოწყვეტილი ხოგაის მინდია მკაცრ ყოველდღიურობას უბრუნდება (“ხოგაის მინდია“). ერონული სულისკვეთება, მასთან დაკავშირებული პრობლემატიკა გასდევს გამსახურდიას პირველ რომანსაც, “დიონისოს ღიმილი“ (1925); კონსტანტინე სავარსამიძის სახით ნაჩვენებია ზნეობრივი ტრაგიზმი XX ს. 10-იანი წლების ახალგაზრდა ქართველი ინტელიგენტისა, რომელმაც ეროვნული იდეალები მშობლიურ წიაღში კი არ განავითარა, არამედ დასავლეთის საგანმანათლებლო ცენტრებში და ამ იდეალებსა და მაშინდელი საქართველოს სინამდვილეს შორის წარმოჩენილი უფსკრულის პირისპირ აღმოჩნდა. მითოსური დიონისეს სახე რომანში კონსტანტინე სავარსამიძის ესთეტიკურ – ზნეობრივი ნიღაბია. რომანისთვის არსებითია განმაზოგადოებელი სახის სიმბოლიკა და პარაბოლური მოტივები; სიყვარულის გამარტივებული კონცეფციით, ანტიფსიქოლოგიზმითა და მხატვრული ხილვის ექსტაზური მანერით “დიონისოს ღიმილი“ ექსპრესიონისტული პროზის ნომუშია. თანამედროვე ეროვნულ ნიადაგს მოწყვეტილი გმირის სახეს და მასთან დაკავშირებულ პრობლემატიკას ავითარებს, ოღონდ გაცილებით უფრო ღრმად, თარაშ ემხვარი – ტრილოგიის, “მთვარის მოტაცების“ მთავარი გმირი (1935-1936). ეს ნაწარმოები დიდმნიშვნელოვანი მოვლენა იყო ქართულ ლიტერატურაში მაღალმხატვრული პანორამული სოციალური რომანის დამკვიდრების თვალსაზრისით. მთავარ გმირთან დაკავშირებული ძირითადი სიუჟეტური ხაზი არსებთად გვიჩვენებს ძველის მეთოდურ ნგრევას, საზოგადოების სხვადასხვა ფენის ურთიერთობათა რევოლუციურ გარდაქმნის სიმძაფრეს კოლექტივიზაციის პერიოდში; მწვავედ წარმოაჩენს ძველი ინტელიგენციის პრობლემას; ინდივიდუალისტური კულტურის შეუთავსებლობას ახალ კოლექტივისტურ ნებასთან. ძლევამოსილი სვლა ცივილიზაციისა, რომლის წარმომადგენელიც არის რომანის მეორე გმირი არზაყან ზვამბაია, ცალკეული, თუმცა მკაფიოდ და შთამბეჭდავად დახატული ეპიზოდებითაა წარმოდგენილი. თარაშ ემხვარი არ თანაუგრძნობს ახალ ცხოვრებას, ვერ პოულობს მის თანმხვედრ გზას და იღუპება. ავტორმა მისი დაღუპვა მთვარის (უძველესი ქართული წარმართული ღვთაება) მოტაცებას შეუდარა; ამასთან, გაბედულად დააყენა საკითხი იმის შესახებ, რომ წაქცეული ათასწლოვანი კულტურა მხოლოდ განადგურებისა და შეჩვენების ობიექტად არ უნდა ქცეულიყო. თანამედროვეობის თემას კ.გამსახურდია კიდევ ერთხელ მოუბრუნდა მოგვიანებით რომანში “ვაზის ყვავილობა“ (1955); რომელშიც ასახა საკოლმეურნეო სოფლის ცხოვრება 30-40-იან წლებში. კერძოდ, ის პერიოდიც, როცა საბჭოთა ხალხმა სამამულო ომი გადაიტანა. გამსახურდიას სამწერლო დიდება მნიშვნელოვანწილადაა დაკავშირებული ისტორიული რომანის ჟანრთან, რომლის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელიც ის არის. ისტორიული რომანი “დიდოსტატის მარჯვენა“ (1939) გამსახურდიას შემოქმედების მწვერვალია. ავტორისეულ ჩანაფიქრს საფუძვლად უდევს სვეტიცხოვლის მშენებლობის (1010-1029) ნახევრად ლეგენდარული ისტორია. ხოლო მის ქარგაში ჩაქსოვილი ეროვნულ კულტურული კონცეფცია ხორციელდება მეფე გიორგი I და სვეტიცხოვლის ხუროთმოძღვრის, კონსტანტინე არსაკიძის მხატვრულ სახეთა გახსნითა და შეპირისპირებით. გიორგი პირველი შინააშლილობის დათრგუნვის გზით ერის ცხოვრებაში მტკიცე პოლიტიკური ერთმმართველობის დამკვიდრების გამოხატულებაა. არსაკიძე ეროვნული შემოქმედებითი პოტენციის, ხელოვნებისა და შრომის დიდ თემას განასახიერებს. სვეტიცხოველი ერის სულიერ-ზნეობრივი “აღნაგობის”, მისი ესთეტიკური იდეალების მატერიალიზებული სიმბოლოა. გამსახურდიას ისტორიული ტეტრალოგია “დავით აღმაშენებელი” (შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, 1965) ფართო ტილოა, რომელიც მხატვრული ასახვის ობიექტად აქცევს არა მარტო XI-XII სს. აღზევებული საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებას, არამედ ახლო აღმოსავლეთში, იმხანად მიმდინარე მძაფრ ისტორიულ, პოლიტიკურ, ეროვნულ, რელიგიურ და სამხედრო ძვრებს. რომანისტი გვიჩვენებს ქართული სახელმწიფოს მნიშვნელობას ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში; კავკასიის სხვადასხვა ეროვნების ხალხთა მონაწილეობას სელჩუკთა წინააღმდეგ ქართველთა ბრძოლაში. თავის ისტორიულ რომანებში გამსახურდია ფართოდ იყენებს არქაულ ენობრივ “ნიღაბს“ სიძველის კოლორიტის, განცდის შესაქმნელად. ასეთი მხატვრულ – ენობრივი პოზიცია ავტორს თანამედროვე ქართული მწერლობის საერთო ტენდენციად კი არ მიაჩნია, არამედ საკუთრივ ისტორიული რომანის პრინციპად. თუმცა გამსახურდიას თანამედროვე თემატიკაზე შექნილი ნაწარმოების თავისებურმა ენობრივმა მანერამაც გამოიწვია აზრთა მძაფრი სხვადასხვაობა. გამსახურდიას კალამს ეკუთვნის აგრეთვე პირველი თანამედროვე ისტორიულ-ბიოგრაფიული რომანი ქართულ ენაზე – “გოტიეს ცხოვრების რომანი“ (1934). მის შემოქმედებაში მხატვრულ სრულყოფას მიაღწია ქართულმა მხატვრულმა ნარკვევმა (“უკრაინის თემიდა“, 1931). აღსანიშნავია, გამსახურდიას ესეები ქართველ, რუს, სომეხ თუ დასავლეთ ევროპელ კლასიკოსთა ცხოვრებასა და შემოქმედებაზე. მან თარგმნა დანტეს “ღვთაებრივი კომედია“, გოეთეს “ახალგაზრდა ვერტერის ვნებანი”, უიტმენის ლექსები და სხვ. გამსახურდიას ნაწარმოები თარგმნილია მრავალ ენაზე. ის დაჯილდოებულია ორი ლენინის ორდენით, სხვა ორდენებითა და მედლებით.
კონსტატინე გამსახურდია დაიბადა 1893 წელს (ზოგი ცნობით 1891 წელს) სოფელ ძველ აბაშაში სიმონ გამსახურდიასა (1836-1906) და ელისაბედ (ლისა) თოფურიძის (თოფურიას) (?-1928) ოჯახში
კონსტანტინე სიმონის ბოლო, მეცხრე შვილი იყო. მის აღზრდაში დიდი წვლილი მიუძღვის მის გადია ეკაიას. ანბანი ისწავლა სოფლის სამრევლო სკოლაში. მოგვიანებით მამამ შვილები კონსტანტინე და ვანო მიაბარა ძველი სენაკის სააზნაურო სკოლაში. სკოლა დაამთავრა 1904 წელს. ამის შემდეგ მამა ქუთაისში წაიყვანა და ძმასთან ერთად ქუთაისის გიმნაზიაში ჩაირიცხა. ამის შემდეგ კონსტანტინე აბაშაში მხოლოდ არდადეგებზე ჩადიოდა[1]. კონსტანტინე გამსახურდიამ 1911 წელს დაამთავრა ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზია. სწავლობდა პეტერბურგის, კენიგსბერგის, ლაიფციგის, მიუნხენის, ბერლინის უნივერსიტეტებში. 1919 წელს დაამთავრა ბერლინის უნივერსიტეტი. მოიპოვა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი. აქტიურად მონაწილეობდა ევროპაში ჩამოყალიბებული „საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის“ მუშაობაში. 1918 წლიდან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ბერლინის საელჩოს ატაშეა. ჰამბურგში 3000-მდე ტყვედყოფილი ქართველი შეკრიბა და სამშობლოში წამოიყვანა მის მიერვე დაქირავებულ ხომალდ „ქრისტიანიათი“, თან ჩამოიტანა მედიკამენტები, პირველი რადიოდანადგარი. მრავალგზის იყო რეპრესირებული საბჭოთა რეჟიმის დროს ეროვნული მოღვაწეობისათვის. სამწერლო მოღვაწეობა დაიწყო როგორც პოეტმა და პუბლიცისტმა. პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1909 წ. წერდა კ. აბაშისპირელის ფსევდონიმით. XX საუკუნის 10-20-იანი წლების მიჯნაზე იყო რედაქტორი შემდეგი პერიოდული გამოცემებისა: „პრომეთე“, „ლომისი“ (გ.ტაბიძესა და ლ.ქიაჩელთან ერთად), "ილიონი", „საქართველოს სამრეკლო“, „ქართული სიტყვა“, ხელმძღვანელობდა მწერალთა აკადემიურ ჯგუფს. ავტორია რომანებისა: დიონისოს ღიმილი, მთვარის მოტაცება, გოეტეს ცხოვრების რომანი, დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა, დავით აღმაშენებელი, ვაზის ყვავილობა, აგრეთვე ნოველების, ნარკვევებისა და ესეებისა. თარგმნა გოეთეს „ახალგაზრდა ვერთერის ვნებანი“, დანტეს „ღვთაებრივი კომედია“ (I ნაწილი - „ჯოჯოხეთი“ კ. ჭიჭინაძესთან ერთად თარგმნა), რემარკის დასავლეთის ფრონტი უცვლელია და სხვა. 1944 წ. აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრად. 1965 წ. ტეტრალოგიისათვის „დავით აღმაშენებელი“, მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია. გარდაიცვალა 1975 წელს. დაკრძალულია თბილისში, კოლხური კოშკის (თავისი სახლის) ეზოში.

Friday, December 14, 2012

კონსტანტინე გამსახურდია დაიბადა 1893 წლის 15 მაისს სოფელ ძველ აბაშაში.
მის პიროვნებად ჩამოყალიბებაზე დიდი კვალი დაუტოვებია რამდენიმე მოვლენას. ექვსი წლისას მამა უბელო ცხენზე შეაგდებდა და მათრახს გადაუჭერდა ხოლმე, ვაჟკაცობას აჩვევდა. პატარობისას ფეხშიშველმა დედამ გელათში წაიყვანა. გაოცებული შეჰყურებდა ბავშვი ტაძარს, დავითის ფრესკას. ასე გაიცნო თავისი ეპოპეის “დავით აღმაშენებლის” მთავარი გმირი. ასევე პორტრეტიდან გაიცნო ილია ჭავჭავაძე. თუმცა ბევრს ეცადა, ცოცხალი ვერ ნახა. მისი მკვლელეობა რომ შეიტყო, ფიცი დადო, მთელი სიცოცხლე ებრძოლა ილიას მკვლელების წინააღმდეგ. კონსტანტინე გამსახურდიამ ჯერ კიდევ გიმნაზიელობისას ჩამოაყალიბა პატრიოტული ორგანიზაცია “ცხრა მუხა”, რის გამოც მალევე დააპატიმრეს ჟანდარმებმა. “ჩემთვის ეს პირველი პატიმრობა იყო, უბედნიერესი მომენტი ჩემი ცხოვრებისა. ბედნიერი გრძნობისაგან შეპყრობილი ვიმეორებდი ამ ბრწყინვალე სიტყვებს: “ნეტარ იყვნეთ თქვენ, რამეთუ გდევნონ ჩემი სახელით” (ავტობიოგრაფიული მოთხრობა “ლანდებთან ლაციცი”). კონსტანტინე გამსახურდიამ 1911 წელს დაამთავრა ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზია. სწავლობდა პეტერბურგის, კენიგსბერგის, ლაიფციგის, მიუნხენის, ბერლინის უნივერსიტეტებში. 1919 წელს დაამთავრა ბერლინის უნივერსიტეტი. მოიპოვა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი. “მე დავიბადე მსოფლიოს უმცირეს და უმოკლეს მდინარის პირას. მას ჰქვია სახელად ზანა. მე მომიხდა რამდენიმე უნივერსიტეტში სწავლა ლენინგრადში, კენიგსბერგში, ლაიპციგში, მიუნხენში, პარიზში, ბოლოს ბერლინში. ყველგან და ყოველთვის მე მიხდებოდა გაჯიბრება გერმანელებთან, ებრაელებთან, პოლონელებთან, ამერიკელებთან და ფრანგებთან. არავის ვუმხელდი, მაგრამ ჩემს თავს ვეუბნებოდი: “შენ ჰეი, მსოფლიოს უმცირეს მდინარის პირად შობილო ბიჭო, არ გაჯობონ დიდი მდინარეების პირად დაბადებულთა”, – ასე განაცხადა მწერალმა 70 წლის იუბილეზე. აქტიურად მონაწილეობდა ევროპაში ჩამოყალიბებული „საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის“ მუშაობაში. 1918 წლიდან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ბერლინის საელჩოს ატაშეა. ჰამბურგში 3000-მდე ტყვედყოფილი ქართველი შეკრიბა და სამშობლოში წამოიყვანა მის მიერვე დაქირავებულ ხომალდ „ქრისტიანიათი“, თან ჩამოიტანა მედიკამენტები, პირველი რადიოდანადგარი. 1921 წელს, წითელი არმიის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ, კონსტანტინემ ლენინს მისწერა პროტესტის წერილი “ღია წერილი ულიანოვ-ლენინისადმი”. ამავე წელს გამოქვეყნდა მისი “სიტყვები ქართველი ერისადმი 26 მაისს”. ეს ორი დოკუმენტი დარჩება ქართული მწელობის ისტორიაში პრინციპულობისა და თავგანწირული გმირობის მაგალითად. 1923 წელს კონსტანტინე გამსახურდია ევროპიდან საქართველოში დაბრუნდა. მან კარგად იცოდა, რაც მოელოდა, (გამომგზავრების წინ უთხრეს კიდევაც “ჩასვლისთანავე დაგაპატიმრებენ და დაგხვრეტენო”) მაგრამ ემიგრანტობა მაინც არ ისურვა და საქართველოში დაბრუნდა. მისი ეს ნაბიჯი მართლაც აბობოქრებულ მორევში გადაშვებას ჰგავდა, მაგრამ კონსტანტინე “იმ გვარისა იყო, ვისაც უკან დახევა არა სჩვევია!” შედეგიც მალე დადგა; 1924 წლის აჯანყებაში მონაწილეობის გამო “ჩეკამ” დააპატიმრა. დაჭერის წინ ს. ორჯონიკიძეს ასეთი რამ უთხრა: “სერგო, მეშინია ჩემი ხალხის მოსპობისა, თორემ შენ და შენს რუს წითელარმიელებს როსტოვს იქით გაგყრიდით”. 1926 წელს, ქართველი მწერლების პირველ ყრილობაზე, კონსტანტინე გამსახურდიამ გაილაშქრა რუსიფიკაციისა და ეროვნული სულის ჩაკვლის წინააღმდეგ, რის გამოც დააპატიმრეს “შპიონის”, “მოღალატის” ბრალდებით და მოსკოვში გადააგზავნეს. ლუბიანკაზე საოცარი ამბავი მოხდა; დაკითხვის დროს გინებისთვის კონსტანტინემ ხელი გაარტყა ფელიქს ძერჟინსკის მოადგილეს. ეს მაშინ წარმოუდგენელი იყო. ამის გამო კონსტანტინეს ნამდვილი ჯოჯოხეთი დაატეხეს თავს. იგი 6 თვე იჯდა სიკვდილმისჯილთა საკანში, შიმშილობდა 14 დღე. შემდეგ გადაასახლეს სოლოვკის კუნძულებზე, სადაც 3 წელი დაჰყო და ყოველდღე სიკვდილს ელოდა, მაგრამ მაინც არ გატყდა. (იხ. სოლოვკური მოგონება “მტრების მეგობრობა”) 20-იანი წლების თბილისის ქუჩებში კონსტანტინე და მისი მეგობრები შავი ჩოხით დადიოდნენ ეროვნული გლოვისა და პროტესტის ნიშნად. ორჯონიკიძეს კონსტანტინესთვის მუქარით შემოუთვლია “შავი ჩოხით სიარულს თავი დაანებეო” კონსტანტინეს კი უპასუხია: “ჩემს ჩოხასთან შენ რა გესაქმება, ჩემი ქამარი შენ ხომ არ გიჭერსო წელზე” (იხ. მერაბ კოსტავა, “გამოსათხოვარი” 1977წ.) ამის შემდეგ ცხენზე ამხედრებული, შავჩოხიანი კონსტანტინე ხშირად დემონსტრატიულად ჩაუქროლებდა ხოლმე ცეკას შენობას. სხვათა შორის, სხვები აიძულეს, რომ შავი ჩოხით აღარ ევლოთ, კონსტანტინე გამსახურდია კი სიცოცხლის ბოლომდე საქართველოს შავჩოხიან ჭირისუფლად და რაინდად დარჩა…