კონსტანტინე გამსახურდია დაიბადა 1893 წლის 15 მაისს სოფელ ძველ აბაშაში.
მის პიროვნებად ჩამოყალიბებაზე დიდი კვალი დაუტოვებია რამდენიმე მოვლენას. ექვსი წლისას მამა უბელო ცხენზე შეაგდებდა და მათრახს გადაუჭერდა ხოლმე, ვაჟკაცობას აჩვევდა. პატარობისას ფეხშიშველმა დედამ გელათში წაიყვანა. გაოცებული შეჰყურებდა ბავშვი ტაძარს, დავითის ფრესკას. ასე გაიცნო თავისი ეპოპეის “დავით აღმაშენებლის” მთავარი გმირი. ასევე პორტრეტიდან გაიცნო ილია ჭავჭავაძე. თუმცა ბევრს ეცადა, ცოცხალი ვერ ნახა. მისი მკვლელეობა რომ შეიტყო, ფიცი დადო, მთელი სიცოცხლე ებრძოლა ილიას მკვლელების წინააღმდეგ.
კონსტანტინე გამსახურდიამ ჯერ კიდევ გიმნაზიელობისას ჩამოაყალიბა პატრიოტული ორგანიზაცია “ცხრა მუხა”, რის გამოც მალევე დააპატიმრეს ჟანდარმებმა. “ჩემთვის ეს პირველი პატიმრობა იყო, უბედნიერესი მომენტი ჩემი ცხოვრებისა. ბედნიერი გრძნობისაგან შეპყრობილი ვიმეორებდი ამ ბრწყინვალე სიტყვებს: “ნეტარ იყვნეთ თქვენ, რამეთუ გდევნონ ჩემი სახელით” (ავტობიოგრაფიული მოთხრობა “ლანდებთან ლაციცი”).
კონსტანტინე გამსახურდიამ 1911 წელს დაამთავრა ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზია. სწავლობდა პეტერბურგის, კენიგსბერგის, ლაიფციგის, მიუნხენის, ბერლინის უნივერსიტეტებში. 1919 წელს დაამთავრა ბერლინის უნივერსიტეტი. მოიპოვა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი.
“მე დავიბადე მსოფლიოს უმცირეს და უმოკლეს მდინარის პირას. მას ჰქვია სახელად ზანა. მე მომიხდა რამდენიმე უნივერსიტეტში სწავლა ლენინგრადში, კენიგსბერგში, ლაიპციგში, მიუნხენში, პარიზში, ბოლოს ბერლინში. ყველგან და ყოველთვის მე მიხდებოდა გაჯიბრება გერმანელებთან, ებრაელებთან, პოლონელებთან, ამერიკელებთან და ფრანგებთან. არავის ვუმხელდი, მაგრამ ჩემს თავს ვეუბნებოდი: “შენ ჰეი, მსოფლიოს უმცირეს მდინარის პირად შობილო ბიჭო, არ გაჯობონ დიდი მდინარეების პირად დაბადებულთა”, – ასე განაცხადა მწერალმა 70 წლის იუბილეზე.
აქტიურად მონაწილეობდა ევროპაში ჩამოყალიბებული „საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის“ მუშაობაში. 1918 წლიდან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ბერლინის საელჩოს ატაშეა. ჰამბურგში 3000-მდე ტყვედყოფილი ქართველი შეკრიბა და სამშობლოში წამოიყვანა მის მიერვე დაქირავებულ ხომალდ „ქრისტიანიათი“, თან ჩამოიტანა მედიკამენტები, პირველი რადიოდანადგარი.
1921 წელს, წითელი არმიის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ, კონსტანტინემ ლენინს მისწერა პროტესტის წერილი “ღია წერილი ულიანოვ-ლენინისადმი”. ამავე წელს გამოქვეყნდა მისი “სიტყვები ქართველი ერისადმი 26 მაისს”. ეს ორი დოკუმენტი დარჩება ქართული მწელობის ისტორიაში პრინციპულობისა და თავგანწირული გმირობის მაგალითად.
1923 წელს კონსტანტინე გამსახურდია ევროპიდან საქართველოში დაბრუნდა. მან კარგად იცოდა, რაც მოელოდა, (გამომგზავრების წინ უთხრეს კიდევაც “ჩასვლისთანავე დაგაპატიმრებენ და დაგხვრეტენო”) მაგრამ ემიგრანტობა მაინც არ ისურვა და საქართველოში დაბრუნდა. მისი ეს ნაბიჯი მართლაც აბობოქრებულ მორევში გადაშვებას ჰგავდა, მაგრამ კონსტანტინე “იმ გვარისა იყო, ვისაც უკან დახევა არა სჩვევია!”
შედეგიც მალე დადგა; 1924 წლის აჯანყებაში მონაწილეობის გამო “ჩეკამ” დააპატიმრა. დაჭერის წინ ს. ორჯონიკიძეს ასეთი რამ უთხრა: “სერგო, მეშინია ჩემი ხალხის მოსპობისა, თორემ შენ და შენს რუს წითელარმიელებს როსტოვს იქით გაგყრიდით”.
1926 წელს, ქართველი მწერლების პირველ ყრილობაზე, კონსტანტინე გამსახურდიამ გაილაშქრა რუსიფიკაციისა და ეროვნული სულის ჩაკვლის წინააღმდეგ, რის გამოც დააპატიმრეს “შპიონის”, “მოღალატის” ბრალდებით და მოსკოვში გადააგზავნეს.
ლუბიანკაზე საოცარი ამბავი მოხდა; დაკითხვის დროს გინებისთვის კონსტანტინემ ხელი გაარტყა ფელიქს ძერჟინსკის მოადგილეს. ეს მაშინ წარმოუდგენელი იყო. ამის გამო კონსტანტინეს ნამდვილი ჯოჯოხეთი დაატეხეს თავს. იგი 6 თვე იჯდა სიკვდილმისჯილთა საკანში, შიმშილობდა 14 დღე. შემდეგ გადაასახლეს სოლოვკის კუნძულებზე, სადაც 3 წელი დაჰყო და ყოველდღე სიკვდილს ელოდა, მაგრამ მაინც არ გატყდა. (იხ. სოლოვკური მოგონება “მტრების მეგობრობა”)
20-იანი წლების თბილისის ქუჩებში კონსტანტინე და მისი მეგობრები შავი ჩოხით დადიოდნენ ეროვნული გლოვისა და პროტესტის ნიშნად. ორჯონიკიძეს კონსტანტინესთვის მუქარით შემოუთვლია “შავი ჩოხით სიარულს თავი დაანებეო” კონსტანტინეს კი უპასუხია: “ჩემს ჩოხასთან შენ რა გესაქმება, ჩემი ქამარი შენ ხომ არ გიჭერსო წელზე” (იხ. მერაბ კოსტავა, “გამოსათხოვარი” 1977წ.) ამის შემდეგ ცხენზე ამხედრებული, შავჩოხიანი კონსტანტინე ხშირად დემონსტრატიულად ჩაუქროლებდა ხოლმე ცეკას შენობას. სხვათა შორის, სხვები აიძულეს, რომ შავი ჩოხით აღარ ევლოთ, კონსტანტინე გამსახურდია კი სიცოცხლის ბოლომდე საქართველოს შავჩოხიან ჭირისუფლად და რაინდად დარჩა…
უძლიერესი პიროვნება. ნამდვილად ჩვენი ხალხის სიამაყე
ReplyDelete