Thursday, December 20, 2012

კონსტანტინე გამსახურდია-"კონსტანტინის დიდოსტატის მარჯვენა"

„დიდოსტატის მარჯვენაზე“ მუშაობა მწერალმა 1938 წელს დაიწყო და მასზე მუშაობა იმავე წელს დაასრულა. ნაწარმოების პირველი მონახაზი მოცემულია 1932 წელს დაწერილ კინოსცენარში „ვარძიის საიდუმლო“. რომანი 1939 წელს ჟურნალ მნათობში ქვეყნდებოდა, შემდეგ ის გამოიცა ნოველებთან ერთად კრებულში „თვალთაჲ“[1]. რომანის გამოქვეყნება „მნათობში“ დაემთხვა მწერლის ვაჟის დაბადებას 1939 წლის 31 მარტს, რომელსაც ნაწარმოების ერთ–ერთი პერსონაჟის ზვიად სპასალარის სახელი დაანათლა. კონსტატინე გამსახურდია აპირებდა რომანების სერიის წერას სახელწოდებით „ქართლის ცხოვრება“, რომელშიც „დიდოსტატის მარჯვენასთან“ ერთად შევიდა დავით აღმაშენებელი. დაწყებული ჰქონდა „თამარის“ წერა, მეტის გაკეთება მან ვერ მოასწრო. როგორც აღნიშნავენ, სტალინმა ერთ ღამეში წაიკითა „დიდოსტატის მარჯვენა“ და, მაშინვე გააღვიძა, ლავრენტი ბერია, გამსახურდია შესანიშნავი მწერალი ყოფილა და რატომ არ ვიცოდიო. რომანი საბჭოთა ისტორიული პროზის მიღწევად ჩაითვალა. კრიტიკოსებიდან რომანს დადებითად გამოეხმაურა ბესარიონ ჟღენტი, რომელმაც ხაზი გაუსვა რომანის უდიდეს ღირსებას. დიდოსტატის მარჯვენას კრიტიკოსებიც გამოუჩნდნენ. ჟურნალ ზნამიას 1945 წლის მეცხრე ნომერში გამოქვეყნდა ვ. შკლოვსკის წერილი რომანების „დიდოსტატის მარჯვენასა“ და „დავით აღმაშენებლის“ შესახებ, რომელშიც ავტორი ბრალს დებდა მწერალს, რომ მან განგებ არ ასახა თავის რომანებში X - XI საუკუნეებში რუსეთ–საქართველოს შორის არსებული ურთიერთობები, რაზეც გამსახურდიამ უპასუხა, რომ არც ერთ ცნობილ ქართულ თუ უცხოურ წყაროებში რუს–ქართველთა შორის იმდროინდელი ურთიერთობის რაიმე ნიშანწყალი არ არსებობდა. რომანისადმი შენიშვნები სანდრო შანშიაშვილსაც ჰქონდა. ის ეჭვქვეშ აყენებდა რომანში ასახულ ფხოველთა აჯანყების ამბებს. რაზეც მწერალმა უპასუხა, რომ მთიანეთი მუდამ ეურჩებოდა ქართველ მეფეებს, რომელთაც ეწადათ საქართველოს პოლიტიკური ცენტრალიზება. მან მოიშველია თამარის დროს მომხდარი ფხოველთა აჯანყება და განაცხადა, რომ ასეთი აჯანყება იმ დროსაც შეიძლებოდა მომხდარიყო. რომანისადმი ყველაზე ხშირად გამოითქვამენ შენიშვნა, რომ კონსტანტინემ აღწერა არსაკიძის დასჯა სვეტიცხოველზე გამოსახული მკლავის მიხედვით, მაშინ, როცა ლეგენდის მიხედვით, ეს მკლავი ეკუთვნის გამარჯვებულ ხელოვანს. რაზეც მწერალმა შემდეგი პასუხი გასცა: „ჰო, ეგრეა, მაგრამ იდეა, რაიც საფუძვლად უდევს რომანს, მაგ ლეგენდის მიხედვით ვერ გამოიხატებოდა. ჩემი სურვილი დაწადილი იყო მართალი სიტყვა მეთქვა განწირული ხელოვანის ბედზე მეფე გიორგი პირველის ტირანულ სახელმწიფოში. ლეგენდას რომ მივყოლოდი, მაშინ არსაკიძისა და გიორგი პირველის ქებანი და აპოლოგია უნდა დამეწერა.„დიდოსტატის მარჯვენა“ რუსულად (;Десница Великого мастера») თარგმნა ფატმან თვალთვაძემ, ის მოსკოვში არაერთხელ გამოიცა მრავალათასიანი ტირაჟით. (1944, 1956, 1961, 1963). სულ მწერლის სიცოცხლეში რუსულად თორთმეტჯერ დაიბეჭდა. მისმა საერთო ტირაჟმა 700 ათასს გადააჭარბა. თარგმანში ერთ–ერთი პერსონაჟი პიპა მოიხსენიება, როგორც ვამეხი. 1957 წელს „დიდოსტატის მარჯვენა“ ითარგმნა და გამოიცა ფრანგულად. რომანი რუსული ტექსტიდან თარგმნა რენე დომეკმა. წიგნზე გამოხმაურებები დაიბეჭდა პრესაში (ლუმანიტე დიუმანში, დე ლეტრ ფრანსეზი, მიდი ლიბრი). „ლუმანიტე დიმანშში“ 1958 წლის ნომრებში იბეჭდებოდა რომანის ადაპტირებული ტექსტი ჟან დორვილის ილუსტრაციებით (ეს უკანასკნელი 1964 წელს მწერლის მიწვევით თბილისში იმყოფებოდა და კონსტანტინეს თავისი 47 ნახატი გადასცა). 1959 წელს მწერალს თბილისში ჩამოაკითხეს ინდოელმა სტუმრებმა – „დიდოსტატის“ ინგლისურიდან (The Right Hand of the Grand Master) ბენგალურად მთარგმნელებმა ცოლ–ქმარმა შუკრია გხოშმა და შუბხამოი გხოშმა. როგორც მწერლის ბიოგრაფი სოსო სიგუა აღნიშნავს, „დიდოსტატის მარჯვენა“ იყო საბჭოური სამყაროს მესამე ქართული რომანი გვადი ბიგვასა და „კოლხეთის ცისკარი“ს შემდეგ, რომელმაც დასავლეთში შეაღწია. გარდა ზემოთჩამოთვლილისა, „დიდოსტატის მარჯვენა“ თარგმნილია შემდეგ ენებზე: ინგლისურ (მთარგმნელი ვახტანგ ერისთავი) , გერმანულ (Die rechte Hand des großen Meisters, მთარგმნელი ჰერტრუდ პეჩი, გამოიცა 1969 წ.), სომხურ (1960 წ.), ოსურ, ჰინდის, ურდუს, ჩინურ, რუმინულ (მთარგმნელი ვიქტორ კერნბახი, 1962 წ.) ენებზე.

1 comment:

  1. რა კარგი ბლოგი ყოფილა. ძალიან გამეხარდა. წარმატებებს გისურვებთ.

    ReplyDelete